ქართული სამზარეულო

 

კახეთი

 

კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის - ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას (ფელამუში). კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.

 

 

სამცხე-ჯავახეთი

 

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად - ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა.

 

აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.

 

სამცხეჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს - ბაქმაზს იყენებენ.

ქართლი

 

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

 

 

მთიულეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი

 

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია: ხინკალი, გორდილა(წყალში მოხარშული ცომი), ყაღი(გამოყვანილი ხორცი), ყაურმა, კონტორი(ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი. ფშავ-ხევსურეთში ხინკალი თუმცა შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც. მთიანეთის კიდევ ერთი ტრადიციული კერძია ხაჭოერბო, რომელსაც ძოგანში გამომშრალი, დავარგებული ხაჭოს გუნდებისგან აკეთებენ. კიდევ ერთი კერძი - ხავიწი მზადდება ერბოს, ფქვილისა და შაქრისგან, იგი ტკბილი ქადის გულსართადაც გამოიყენება. განთქმულია აქაური ლუდი და არაყი - ჟიპიტაური.

იმერეთი

 

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ.