საქართველოს ისტორია

 

საქართველოს ისტორია

 

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადამიანები. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.

VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.

1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.